თუ შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ – მდინარაძე

პუბლიკა

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ ვაპირებთ, რომ მას მხარი დავუჭიროთ. ამაზე ძალიან დიდი უმრავლესობის აზრი უკვე ვიცი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, პარლამენტი მიიღებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებს და რეპუტაციას. შესაბამისად, მას მაღალი ღირსების შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას“, – განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე დაასახელა.

ირაკლი შოთაძის გარდა, შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან: ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და სოფიო შენგელია.

 

 

 

 

 

 

შოთაძის კანდიდატურა საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.