თუ სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ეს შეიძლება რუსეთმა აღიქვას, როგორც მწვანე შუქი - დავითულიანი

პუბლიკა

მმართველი პარტიის დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ თუ EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველოს არ მისცემენ, ეს შეძლება იყოს მწვანე შუქი რუსეთისთვის.

მან ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს ამ სტატუსის მისაღებად.

„საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც უნდა მიენიჭოს აუცილებლად სტატუსი, ჩემი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება აღქმული იყოს რუსეთის მხრიდან როგორც მწვანე შუქი, რომ რეგიონში მისთვის დათმობილია ასპარეზი და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს.

… ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან. პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე რა შენიშვნა აქვთ – რეფორმა სჭირდებათ, თუ რა სჭირდებათ, კონკრეტულად უნდა გვითხრან და როცა გვეტყვიან, რომ აი, ეს კონკრეტული პრობლემა გაქვთ… მაგალითად, სასამართლო რეფორმა – რა უნდათ ამ სასამართლო რეფორმიდან? ჩვენ ვამბობთ, რომ გაკეთდა. პოლიტიკური პატიმრები კი საქართველოს არ ჰყავს” – თქვა ბექა დავითულიანმა.