„თუ უკანონო მოსმენაა, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რეაგირება უნდა მოჰყვეს“ - კუჭავა

პუბლიკა

თუ უკანონო მოსმენაა, ეს არის ყოვლად მიუღებელი, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის უსმენენ – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, კახა კუჭავამ.

ჟურნალისტებმა კუჭავას შეკითხვები უკანონო მოსმენების, მათ შორის, დიპლომატებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ჯგუფების მოსმენების შესახებ დაუსვეს.

„ზოგადად, არანაირი ლოგიკა კი არა, უკანონობაა უკანონო მოსმენა, თვითონ სიტყვა ამბობს. თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესეიგი, უკვე დარღვევაა და დანაშაული.

ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას/ვის ჩათვლის, მოუსმინოს კანონიერების ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყებების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება თუ იქნება შემდეგ სხვა ზომები მიღებული პარლამენტში, ეს კითხვები უნდა დაისვას და კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა გასცენ პასუხი.

არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ არ არის შესაბამისი კანონიერი საფუძველი“, – განაცხადა კუჭავამ.

მედია დაინტერესდა, კანონიერია თუ არა დიპლომატების მოსმენა, რაზეც კუჭავამ უპასუხა, რომ დანამდვილებით არ იცის, უსმენდნენ თუ არა დიპლომატებს და ზოგადად, არავის მოსმენაა კანონიერი სამართლიანი საფუძვლის გარეშე.

„თუ უკანონო მოსმენაა, ეს არის ყოვლად მიუღებელი, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

კუჭავას პოზიციით, მოსმენებისა და სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი ფაილების თემაზე პარლამენტში განხილვა აუცილებლად უნდა შედგეს. მისივე თქმით, შესაძლებელია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობაც, ოღონდ არჩევნების შემდეგ.

„ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მეორე საკითხია, როდის უნდა გაიმართოს რიგგარეშე სხდომა. არჩევნები მოახლოებულია. არჩევნებამდე სესიები არ ტარდება ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც ამდენად მაღალი პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდა ოპოზიციას ამ არჩევნებისთვის. ეს სხდომა გაიმართება როგორც კი არჩევნები დამთავრდება. სხდომის მოწვევა შეუძლია დეპუტატთა 1/4-საც, თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს“, – განაცხადა კუჭავამ.