თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება. სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შესაძლო შეწყვეტის შესახებ შეკითხვის პასუხად კი აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტა უკიდურესი გადაწყვეტილება იქნება და ამ ეტაპზე არაა დაგეგმილი.
„ბაღებისა და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა და თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ ბაღები და სკოლები. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების ფონზე.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, საჭიროების შემთხვევაში, რომელია ყველაზე ეფექტიანი შეზღუდვა ეპიდვითარების კონტროლისთვის გაბუნიამ ერთ-ერთ ასეთ ეფექტურ ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებად ღამით გადაადგილების შეზღუდვა დაასახელა.
„ყველაზე ეფექტიანი, რაც ჩვენ გვაძლევს ეპიდემიის კონტროლს, ეს ღამით მოძრაობის შეზღუდვაა. ეს არის ძალაში და უნდა დარჩეს, თუმცა აღსრულება უნდა გაძლიერდეს. შემდეგი ეფექტიანი საშუალებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მობილობის მოდიფიცირება.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.