საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობა პრინციპების დონეზე რუსული კანონის ორივე ვერსიას დაუჭერს მხარს, შემდეგ კი დაელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით იმსჯელებენ საბოლოო მხარდაჭერაზე.
მისი განმარტებით, კანონპროექტების პრინციპი გამჭვირვალობაა და შეუძლებელია, ამას ვინმე არ დაეთანხმოს.
„ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს. ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი. თქვენ თვითონაც შეხედავთ, ეს თუ იქნება ჰაერიდან მოტანილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ.
თუ თეთრი შავზე დაიწერა და ასეთი საოცრება მოხდა… ხო მოხდა ეგეთი საოცრება, მაგალითად, თეთრი შავზე დაიწერა ევროპარლამენტის 500 ევროპარლამენტარის მონაწილეობით. ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა, მაშინ კი ბატონო, ეს დათქმა ასე იქნება. ჩემთვის პირადად შეიძლება მთლად წარმოუდგენელი არ იყოს, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ თეთრი შავზე იურიდიული დასკვნის სახით დაიწეროს. ამას ხომ მთელი მსოფლიო ნახავს. მაქვს მოლოდინი, რომ დაიწერება არგუმენტები, რომელი არგუმენტებიც რიგ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება. მაგრამ თუ თეთრზე დაიწერება შავი ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა მან.
მამუკა მდინარაძემ ეს განცხადება გააკეთა პასუხად შეკითხვისა, რატომ აგზავნიან კანონპროექტს ვენეციის კომისიაში, თუ ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რომელიმე პროექტს ყველა შემთხვევაში მიიღებენ.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს. რამდენიმე დღეში მათ ალტერნატიული პროექტის ინიციირებაც დაანონსეს.