თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე - ტიკარაძე

პუბლიკა

„თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. მისი განმარტებით, ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების ლოკალური მატება შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობა სხვებთან შედარებით მცირეა.

„ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება“, – აცხადებს ის.

შეზღუდვების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ საუბრობდა დღეს მთავრობის სტრატკომიც.