თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მხარეების შესავალი სიტყვების მოსმენამდე ბრალდებულ ნიკა გვარამიას სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა.
ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა დარბაზში შეკრებილ თანამშრომლებსა და პოლიტიკოსებს. სიტყვის ნაწილი მან ომში უკრაინის წარმატებაზე საუბარს დაუთმო და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მარცხდება და „ევროპის მოტაცება ვერ შედგა“.
გვარამიას ძირითადი გამოსვლა NDI-ის კვლევის შედეგებსა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების მიმოხილვას დაეთმო.
„მე ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი და საერთოდ გაუგებარია რას ისახავს მიზნად. ძირითადად, ეს ხდება კეთილი განზრახვებით, მაგრამ მე არ მესმის ამგვარი კეთილი განზრახვების, რომ არ დაგიმალოთ. ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს, გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერების, არანაირი.
თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება, უკეთესად დაიწყებს მუშობას, ასეთი ტიპის შეძახილებს, შედეგი არ მოაქვს. მე ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ და მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია.
თუ ვინმე სუსტია, მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც და ყველაფერი დანარჩენიც. საზოგადოება დღეს სამწუხაროდ ასხივებს უღონობას, ფუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს, ეს არასწორია.
და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ მე მგონია უნდა შევეშვათ ოპოზიციას და სწორად წავიკითხოთ კვლევა. ჯერ ერთი, კვლევას პრობლემა აქვს. 56%-იანი უარი პასუხზე, სამწუხაროდ, ეჭვქვეშ აყენებს კვლევის ვალიდურობას“, – განაცხადა მან.
ნიკა გვარამიას თქმით, ამ კვლევაში საგანგაშო ევროკავშირის მხარდაჭერის ინდექსი იყო. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ინდექსის სოფლად ვარდნა. გვარამიას თქმით, სოფლები ხელისუფლების გავლენის სფეროა.
„არც საზოგადოებაა ყოველთვის მართალი და არც მედია, მათ შორის, ჩემი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკოსები არ ლაპარაკობენ სოციალურ პრობლემებზე, შიმშილზე, ფასებზე… ეს არის თავის მოტყუება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები განიცდიან ამ პრობლემებს, არსებობს უნივერსალური გამზომი მექანიზმი, უსმენენ თუ არა ადამიანები ამ პრობლემებზე გადაცემებს.
ყველამ ჩახედეთ თქვენს რეიტინგებს და მითხარით, რომელი გადაცემა სოციალურ პრობლემებზე წერს მაღალს კი არა, რამენაირ რეიტინგს? თუ ეს არის ინტერესის სფერო, მაშინ ამაზე საუბარი იქნებოდა რეიტინგული. მედია ყოველთვის მიყვება რეიტინგებს, მიჰყვება ხალხის ინტერესს. ხალხის ინტერესი არის მთავარი პოლიტიკური საკითხები და 2 მაგიური სიტყვა: ეს არის სამშობლო და დემოკრატია.
არასდროს საქართველოში ხელისუფლება სოციალური საკითხების გამო არ შეცვლილა. ჩვენ ვერ გავიხსენებთ სოციალურ საკითხზე ქუჩაში მასობრივად გამოსულ ქართველებს, მაგრამ გავიხსენებთ მოულოდნელ გამოსვლას გავრილოვის ღამეს, 150 ათას ადამიანს 20 ივნისს… ეს არის ქართველების ინტერესი, უფრო აღმატებული, ვიდრე მათი პირადი პრობლემები“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, პოლიტიკოსები ხელისუფლების სამოქმედო ველში უნდა შევიდნენ და იქ დაამარცხონ ხელისუფლება, ასევე უნდა მოაგვარონ ადამიანების პრობლემები ნებისმიერი გზით.
„მოაგვარონ ადამიანების პრობლემები ნებისმიერი გზით, მით უმეტეს, როცა თვითმმართველობის ორგანოებში ასეთი ფართო წარმომადგენლობა ჰყავთ. აიძულონ, როგორც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა თბილისის საკრებულოს მეშვეობით, როგორც შალვა ნათელაშვილმა მოიგო საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები დენის ფასთან და თუ არ ვცდები, საყოველთაო განათლებასთან დაკავშირებით. ეს იყო რეალური შედეგები სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით არა მათი მოგვარების გზების შეთავაზება, არამედ მათი რეალური მოგვარება“, – განაცხადა გვარამიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლებას „კუდიანად დანიშნული ჰყავს ამერიკის აგენტურა“, რაც სახელმწიფოს პრიორიტეტზე მეტყველებს.
ნიკა გვარამიას გამოსვლის შემდეგ სასამართლო სხდომა მხარეების სიტყვებით გაგრძელდება.