თუ ვინმეს აგენტების შემოგზავნა უნდა, ამას არ სჭირდება 900 ათასი ვიზიტორი, სჭირდება 500-200-100 კაცის შემოშვება - ლილუაშვილი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზღვარზე „არასასურველი სტუმრები გაფილტრონ“.

„რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018-შიც, 2019-შიც. 2019-ში იყო ზუსტად ორჯერ მეტი შემოსული საანგარიშო პერიოდში და არ მომხდარა არც დივერსია, არც ტერორისტული აქტი. ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, თქვენ არ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ნახოთ საზღვარზე შეკავებული ან აქედან გაძევებული სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ საზიანო მოქმედებებში ან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი. ასე რომ, მშვიდად იყავით.

შემოსული ტურისტების მხრიდან ნულოვანი სტატისტიკაა დანაშაულის ჩადენის, სისხლის სამართლის დანაშაულს ვგულისხმობ, ასე რომ, იყავით მშვიდად, ნუ აჰყვებით პანიკას. თუკი ვინმეს აგენტების შემოგზავნა უნდა, ამას არ სჭირდება 900 ათასი ვიზიტორის შემოშვება, ამას სჭირდება 500-200-100 კაცის შემოშვება. არ არსებობს, 1000 ან 2000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში“, – განაცხადა მან.

გრიგოლ ლილუაშვილის კომენტარს ბეჭდურად IPN ავრცელებს.