თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ჩვენ არავის ვზღუდავთ – ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თურქეთში იმყოფება ვიზიტით, განაცხადა, რომ თუ ვინმეს კიევში მოგზაურობა სურს, არავინ ზღუდავს.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, უკრაინის ხელისუფლების განცხადებების ფონზე „ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა ისე იმოქმედებს, როგორც საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს“.

ასე უპასუხა ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ შეკითხვას.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის ნიუ-იორკში; მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეაში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, გამოვიდა სიტყვით და გამოხატა ჩვენი პოზიცია, სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის ტერიტრიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

თუ ვინმეს რაიმე ამაზე მეტის გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ.

მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხის ინტერესებს და ამავდროულად ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ. ყველა უკრაინელი საქართველოში ცხოვრობს დაცულად, შევუქმენით კომფორტი…

საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. რომ ყოფილიყო ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილისა, გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ, ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისურვებდა, დღეს უკრაინაში ყოფილიყო და ამის მზადყოფნაც გამოთქვა, თუმცა უკრაინიდან მიწვევა ვერ მიიღო.

მან საქართველოს პარლამენტი გააკრიტიკა მიწვევაზე უარის თქმის გამო, ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება მათი პოლიტიკური პოზიციისთვის.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მიწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ, პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.