თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, მივიდნენ იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ - გახარია

პუბლიკა

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთავაზებას გამოეხმაურა და პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩია, თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ. გახარიამ განაცხადა, რომ ტესტებთან დაკავშირებით ისეთი ადამიანები აქტიურობენ, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ.

„თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარონ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად.

როცა ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, ჩვენ ვუსმენთ არა პოლიტიკოსებს, არამედ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ. როდესაც მოქალაქეების პირდაპირ, მიზნობრივ დახმარებაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და  არავის ასეთი სიტყვიერი რჩევა, რასაც მე ჭორაობას დავარქმევდი, არ გვჭირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

გახარიას თქმით, ანტიკრიზისული გეგმა ჩამოყალიბებული და გააზრებულია, მისი ნაწილი უკვე წარდგენილია, ხოლო მომდევნო ნაწილს მთავრობა მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.