თუ ვითარება დამძიმდა, არ გამოვრიცხავთ, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები – ჩიქოვანი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად დღეიდან გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება როგორიც იქნება, იმის მიხედვით შესაძლებელია, კვლავ გამკაცრდეს.

„როგორც იცით, გეგმა, რომელიც წარმოადგინა საქართველოს მთავრობამ, იყო თანმიმდევრული და მასში რამდენიმე ეტაპია წარმოდგენილი. გარკვეული პერიოდია ეტაპებს შორის განსაზღვრული, თუმცა ხაზგასმით ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, შესაძლებელია, მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ისე… ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ქვეყანაში, ჩვენ ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება მთელი ქვეყნის მასშტბით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თანამოქალქეებს, გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, დღეიდან  დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო წესები.