თუ წესებს დაიცავენ, აზრად არავის მოუვა ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა - გახარია 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციის შესახებ შეკითხვაზე განაცხადა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული.

„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად, განსაკუთრებით წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი და არავის არ მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული”, – განაცხადა პრემიერმა.

მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს მასობრივ შეკრებას, აქცია-მანიფესტაციის ორგანიზებას გეგმავს. აქცია რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ამის შესახებ მოძრაობამ თბილისის მერიას გუშინ წერილობით აცნობა.


„1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლმდენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა”, – წერს „სირცხვილია”.

20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა.