„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამეტში დეპუტატის მანდატს ტოვებს. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილმონაცვლე „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო გახდება.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს ჰერმან საბოს, დაიკავებს თუ არა ის პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძის ადგილს.
როგორც საბო ამბობს, თუ ზურაბ ჯაფარიძე დაწერს განცხადებას და მას შეუწყდება უფლებამოსილება, მის ადგილს დაიკავებს.
საბოს თქმითვე, ელოდება მოვლენების განვითარებას და ამ საკითხს მას შემდეგ განიხილავს სერიოზულად, რაც ჯაფარიძე პარლამენტს განცხადებით მიმართავს.
„თუ ზურაბ ჯაფარიძე დატოვებს, მის ადგილს დავიკავებ, თუმცა მან ერთხელ უკვე მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტაზე და არ შეუჩერდა უფლებამოსილება, ამიტომ დაველოდები მოვლენების განვითარებას და შემდეგ განვიხილავ სერიოზულად“, – განუცხადა საბომ „პუბლიკას“.
ზურაბ ჯაფარიძე გეგმავს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმდინარე კვირას მიმართოს. ის ამ მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მეორედ მიმართავს. პირველ ჯერზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მათ უფლებამოსილება შეუნარჩუნა. ამის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „გირჩი“ გაიყო, თუმცა პარტიული საარჩევნო სია უცვლელი დარჩა. პარტიას ცესკოსთვის საარჩევნო სიის ჩახსნის თაობაზე არ მიუმართავს.
რეგლამენტის მიხედვით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 51 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.