თუკი კომისია „ოცნების“ სასარგებლოდ თუნდაც 1%-იან გადახრას დააფიქსირებს, რიგგარეშე არჩევნებს გამოვაცხადებთ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში პირველივე შეკრებისთანავე უმრავლესობა დააინიცირებს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად კი ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მიიწვევენ.

კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს თუნდაც 1%-იან გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. თავად კი, როგორც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი, ასეთ შემთხვევაში მზადაა, სრულად ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას.

„კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოქნების“ სასარგებლოდ (ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება“, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულიად ჩამოვშორები პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.