თუკი სადმე დანაშაული იქნება ან მოწოდება, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - პაპუაშვილი „ალტ-ინფოზე"

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრაიდფესტივალის წინააღმდეგ „თუკი სადმე დანაშაულის ან მოწოდება იქნება, ან თვითონ დანაშაული, დარწმუნებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება.

„მთავარი არის ერთი – გამოხატვის თავისუფლება, მეორე გახლავთ უსაფრთხოების ინტერესები. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ის ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ამ საკითხებზე და როგორც სხვა დროს უდგებიან ისინი პროფესიონალურად და იცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას, დარწმუნებული ვარ, წელსაც ისინი შესაბამისად…

…პარლამენტი არ გახლავთ სამართალდამცავი ორგანო. თუკი სადმე დანაშაულის  ან მოწოდება იქნება, ან თვითონ დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისი რეაგირება იქნება, დარწმუნებული ვარ.

ამიტომ წინასწარ რაღაცა სცენარებს რომ ვსახავთ, რომ მაინცდამაინც რაღაცა შეიძლება მოხდეს, არ ვიცი…“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება 2021 წლის 5 ივლისს, პაპუაშვილის თქმით, ძალადობრივი მოვლენების გამო, 100-ზე მეტი ადამიანია დასჯილი.

„შარშანაც, შესაბამისი უწყებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო… თქვენ გახსოვთ, შარშან იყო სხვადასხვა ღონისძიება 5 ივლისამდე, სადაც შსს-მ შეძლო უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფა.

5 ივლისის საკითხს აღარ დავუბრუნდები, იცით თქვენ, რომ ეს ამოვარდნა იყო მთლიანად საქართველოს თანამედროვე განვითარების… სპონტანური ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ჟურნალისტების მიმართ. გასაგებია ის საკითხი, რომ იყო აბსოლუტური ანომალია და იცით თქვენ , რომ 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასჯილი. მათ შორის ხალხი დასჯილია სისხლის სამართლებრივი წესით. და მიმდინარეობს კიდევ სასამართლო პროცესები”, – განაცხადა მან.

Tbilisi Pride-ის განცხადების შემდეგ, ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები აცხადებენ, რომ მობილიზაციას დაიწყებენ და ორგანიზატორები „ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებენ“.


2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.