თუკი, თეორიულად, საქართველოში დეკემბრამდე დაიწყება ომი, ჩვენც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ორმა ფაქტორმა – გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ომმა და არა სხვა, ევროკავშირის სტანდარტულმა კრიტერიუმებმა. კობახიძის თქმით, თუკი, თეორიულად საქართველოშიც დაიწყება დეკემბრამდე ომი, მაშინ ისიც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ღმერთმა დაგვიფაროს, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრამდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი და ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. ამ ფაქტორს ჩვენ  ვერ შევცვლით და არ შევცვლით, ბუნებრივია.

ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ.

მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც, მათ შორის საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში.

ანუ იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს – არა. დეკემბრის ბოლომდე თუ დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ეს ემოციური ფონი და ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.