საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელზე ისაუბრა. მისი თქმით, როცა ოპოზიციის სარჩელი დარეგისტრირდება, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება.
ტურავა აღნიშნავს, რომ სარჩელები შემდეგ გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს, რომელიც შეიძლება იყოს „როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე”.
„სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვეოდა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. სამდღიან ვადაში დარეგისტრირდა პირველი სარჩელი, ყოველგვარი დარღვევის გარეშე, სამშაბათს შემოვიდა, უკვე გუშინ დარეგისტრირებული იყო. რაც შეეხება მეორე სარჩელს, გუშინ შემოვიდა ფოსტით და ამოწმებს საორგანიზაციო დეპარტამენტი.
ორივე სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ ორივე სარჩელი ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს, რომელიც არის პირველი, თქვენ იცით, გამწესრიგებელი სხდომის ფორმატით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე.
რაც შეეხება ვადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დღეს ვიკრიბებით დღის მეორე ნახევარში და თუ როგორი იქნება ჩვენი დროით ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ამაზეც დღეს შევთანხმდებით. ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს – ერთი დღიდან ერთ თვემდე. ანუ, როცა ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როცა მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს უკვე ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული, გამოქვეყნდება”, – განაცხადა მან.
20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
ამის შემდეგ შეიკრიბება სასამართლოს პლენუმი, რომელიც გადაწყვეტს დასაშვებობის საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა.
სარჩელის საფუძველია არჩევნების ფარულობისა და საყოველთაოობის დარღვევა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ „ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ“.