ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ

პუბლიკა

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ მოსამართლეებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ.

ტურავას თქმით, გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლეები დღეს მოაწერენ, დასკვნა ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

ტურავას ჰკითხეს, იყო თუ არა ზეწოლა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლეებზე, რაზეც განაცხადა, რომ „ზეწოლის გარეშეც იციან, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ”.

„მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ 2 საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი, ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება დასკვნა. დოკუმენტის ხელმოწერამდე მე რომ გამოვაცხადო ჩემი ან ჩემი კოლეგების აზრი, ეს იქნება კანონის დარღვევა”, – თქვა ტურავამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა მოსამართლეებს შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ტურავამ თქვა, რომ ესეც „თათბირის საიდუმლოებაა”.

ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ამბობს, რომ ეს იყო „ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა და მოსამართლეებისთვის სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული”.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი „ოცნებამ” 1 სექტემბერს დაიწყო. „ოცნება“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – მან ვიზიტები გამართა უცხოეთში მთავრობის უარის მიუხედავად, თანხმობის გარეშე.