ტურავა: სამართლებრივ საკითხებთან ერთად განვიხილავთ პრეზიდენტის ვიზიტებს, საქმიანობას

პუბლიკა

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე“, – განუცხადა მედიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

მისი თქმით, შესაძლებელია, პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, თუმცა, ეს ხელს შეუშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვას.

„არ არის გამორიცხული, დღევანდელ სხდომაზე ჩვენ თუ დავინახეთ, რომ წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინეს პრეზიდენტი და თქვეს, „არ ვიცი“, „ვერ გეტყვით“ და ა.შ., ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი გამოცხადება“, – განაცხადა ტურავამ.

მერაბ ტურავას თქმით, კანონიდან გამომდინარე განიხილება არამარტო სამართლებრივი საკითხები, არამედ, „ფაქტობრივი გარემოებებიც“, მათ შორის, პრეზიდენტის ვიზიტები.

„(განვიხილავთ) პრეზიდენტის ვიზიტებს, პრეზიდენტის საქმიანობას, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას… საკითხები და შინაარსი იმ ვიზიტებისა, რომლებიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში, არის სწორედ ის გარემოებები, რომლებზეც სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს“, – ამბობს ტურავა.

მერაბ ტურავა იმ სამი მოსამართლიდან ერთ-ერთია, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტმა დანიშნა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

„ქართული ოცნების” მხრიდან სხდომას ხუთი დეპუტატი დაესწრება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ასევე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.


სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ოცნებამ” 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. „ქართული ოცნება” ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უცხადებს იმის გამო, რომ მან ვიზიტები ევროპაში მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამართა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ამით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.