ტურისტულ სეზონზე კონტროლის მექანიზმის ადმინისტრირება ნამდვილად შესუსტებული იყო – ნიჟარაძე

პუბლიკა

„კონტროლის მექანიზმების ადმინისტრირება ნამდვილად შესუსტებული იყო ტურისტულ სეზონზე“ – ასე პასუხობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე „პალიტრა ნიუსის“ ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ მიაჩნია მას, რომ თავდაპირველად აჭარაში არ გატარდა შესაბამისი ზომები კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციისთვის.

„რაც შეეხება კონტროლის მექანიზმების ადმინისტრირებას, ნამდვილად შესუსტებული იყო ტურისტულ სეზონზე. გვქონდა ხალხმრავლობა – ძალიან დიდი ნაწილი დამსვენებლებისა სწორედ ჩვენს რეგიონში იყო“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

გარდა ამისა, ნიჟარაძის განმარტებით, თვითონ მოსახლეობის მხრიდანაც ნაკლებად იყო პირადი უსაფრთხოების წესები დაცული, ნაკლებად იყო ამის ადმინისტრირება და ამის კონტროლიც.

„თუმცა, თქვენ დღეს მოგეხსენებათ, რომ ამის აბსოლუტური კონტროლი ვერ მოხერხდება. დღეს ჩვენი ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ის, რომ უკეთ გავიაზროთ ის დაძაბული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს და მომდევნო დღეების ეპიდდინამიკა ჩვენ თვითონ შეგვიძლია განვსაზღვროთ. მთავარი მოცემულობა გახლავთ, მაინც ფიზიკური დისტანცია და ნიღბის ტარება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრის განმარტებით, ტურისტებისა და დამსვენებლების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა აჭარის რეგიონი. მისივე თქმით, სანაპირო ზოლი თითქმის დაცარიელდა და აქედან გამომდინარე, ის სამი კარავიც, რომელიც დამსვენებელთა ტესტირებისთვის იყო განთავსებული, ბათუმის ბულვარიდან აიღეს.


საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევებიდან 108, სწორედ აჭარის რეგიონში დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2500-ზე მეტი ტესტი ჩატარდა, მათგან დადასტურდა 108 ახალი შემთხვევა. რაც შეეხება ინფიცირებულთა კლასტერებს, შავიშვილის თქმით, ვირუსის ფართო გავრცელების გამო, ცალკეულ კლასტერებს აღარ გამოყოფენ.