თურნავა ახალს არაფერს შეგვპირებია. მშენებლობისთვის კომპანიას ისედაც ევალება დასკვნის მომზადება - გუჯარაიძე

პუბლიკა

„რაც დღეს მინისტრმა განაცხადა, ამაში ახალი არაფერია. ეს კი წარმოაჩინეს ისე, თითქოს [ეს ნაბიჯი] პროტესტზე პასუხად არის და არის ერთგვარი დათმობა“, – „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება.

დღეს ქუთაისში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრის დაწყებამდე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის ძირითადი ნაგებობების – კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება, ვალიდაცია.

როგორც ნინო გუჯარაიძე განმარტავს, მშენებლობის ნებართვაში სექტემბერში გატარებული ცვლილების თანახმად, კომპანიას სამშენებლო სამუშაოების დაწყება შეუძლია ობიექტის იმ ცალკეულ ნაწილებზე, რომელზეც წარადგენს დამატებით საპროექტო დოკუმენტაციას, შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია მათ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის წარდგენილი არ აქვთ და შესაბამისად, მშენებლობის დაწყებას თუნდაც ხსენებულ ობიექტებზე ისედაც ვერ შეძლებს.

„დღეს ახალს არაფერს არ შეგვპირებია მინისტრი. მშენებლობის ნებართვაში შესული ცვლილების თანახმად, ისედაც ასეა, ანუ კომპანიას აქვს უფლება, დაიწყოს მშენებლობა პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე, რომელზეც წარადგენს სრულყოფილ დოკუმენტაციას დასაბუთებული კვლევებით. ამიტომ სიახლე არაფერი არ ყოფილა [დღეს]. ეს იყო ისედაც შესული ცვლილება მშენებლობის ნებართვაში“, – განაცხადა გუჯარაიძემ.

მან ყურადღება ასევე გაამახვილა სახელმწიფოს მიდგომაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ და აღნიშნა, რომ მიდგომა მის ასე ნაწილებად დაყოფაზე უპასუხისმგებლობაა.

„აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულებაა მშენებლობის პროცესის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ დანაწევრებულია ერთიანი პროექტი. მაშინ, როდესაც მთლიანი პროექტი არაა დასაბუთებული და მთლიანი დიზაინი არაა წარმოდგენილი, თურმე, რაღაც ნაწილები ასე უნდა ვაშენოთ. რაც არც ლოგიკაში, არც სამართალში და არაფერი არ ჯდება, აბსოლუტურად.

ნაწილ-ნაწილ შესრულებული პროექტები ჩვენ გვინახავს. მაგალითად, ასეთი იყო გმირთა მოედანზე ესტაკადა, რომელმაც არაერთი პრობლემა შექმნა და ბოლოს ეს ცნობილი ტრაგედია დატრიალდა. არაერთი ასეთი მაგალითი გვაქვს და ყველა ცუდად დამთავრებულა.

ასეთი დიდი პროექტი, ასეთი მასშტაბური და ამასთანავე ასეთი საფრთხის შემცველი პროექტის მიმართ მსგავსი პრაქტიკის გავრცელება არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“, – ამბობს გუჯარაიძე.


როგორც დღეს შეხვედრის დაწყებამდე ნათია თურნავამ განაცხადა:
„ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ პრინციპული რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას“, – განაცხადა მან.

ნათია თურნავას თქმით, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გზის სამუშაოებს, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს და სხვა კომპონენტებს, არა ისეთ კომპონენტებს, რომლებიც შეეხება კაშხალს და წყალსაცავს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. მაგრამ მთავარი, რაც იწვევს კითხვებს – კაშხალი და წყალსაცავი, მათი მშენებლობა არ დაიწყება, სანამ ჩვენ ამ კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ თქვენი ჩართულობით“, – აღნიშნა მინისტრმა.