თურნავა: ბანკებთან გავივლით კონსულტაციებს სებ-ის ახალი რეგულაციის აღსრულებაზე

პუბლიკა

ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან იმსჯელებს, როგორ უნდა მოხდეს სებ-ის ახალი რეგულაციის აღსრულება ისე, რომ ბანკებმაც შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები.

თურნავას ორი უმსხვილესი ბანკის, „თიბისისა“ და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხეს, რომლებმაც თქვეს, რომ „იცავენ და აგრძელებენ დასავლური სანქციების მოთხოვნების დაცვას“.

თავიდან კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ნათია თურნავამ თქვა, რომ „კომერციულ სექტორს უფლება არ აქვს, რომ არ დაემორჩილოს რეგულატორს”. თუმცა, მალევე დააზუსტა, რომ კონსულტაციები გაიმართება.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტს აინტერესებდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კერძო სექტორი „არ ემორჩილება მას”. თურნავას არ დაუზუსტებია, რა შეიძლება მოჰყვეს „არდამორჩილებას”. თურნავამ თქვა, რომ კომერციულ სექტორთან „სრულ უნისონშია”, აქვთ კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი რეგულაციის იმპლემენტაცია.

„ჩვენ სრულ უნისონში ვართ საქართველოს კომერციულ ბანკებთან… ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებებიც აქვთ, რასაც პატივს ვცემთ… ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში, როგორ მოხდეს ამ ახალი რეგულაციის, ამ დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან… ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ სრული სინერგია გვექნება”, – თქვა თურნავამ.

ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს საქართველოში შეზღუდვები დაუწესდა ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე.

ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა დღეს, 20 სექტემბერს თქვეს, რომ გეგმავენ, დაიცვან დასავლური სანქციების მოთხოვნები და არ დაუშვან გამონაკლისი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად.