„მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია – მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.
თურნავამ სხდომაზე ისაუბრა ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის შესახებ.
თურნავას განმარტებით, საუბარია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას. ამასთან, მისი თქმით, კომპანიას არანაირი სურვილი არ აქვს, ზედმეტი ქონების გადასახადი იხადოს. თუმცა, ამ საკითხის მეტი სიცხადისთვის ეკონომიკის მინისტრი სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
„დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად მოხდა [მიწის] გადაცემა, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ გავხსნით ამას, თუ რა არის, მომავალში რა იქნება და როგორ კავშირშია ეს მუშა ნახაზებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან. აქ დასამალი არაფერია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, დიდი პროექტები საჭიროებს მეტ მიწას, ამის მაგალითად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიყვანა, რომელსაც გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა დაახლოებით 500 ჰექტარი მიწა.
„ეს პროექტი წარმატებით რომ გაგრძელებულიყო, კიდევ 700 ჰექტარს გადავცემდით. თითოეულ ასეთ პროექტში, როგორც „ნამახვანი ჰესის შემთხვევაში, არ ხდება უპირობო გადაცემა, თუმცა, ვინაიდან მიწის საკითხი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, მზად ვართ, დაინტერესებული პირებისა და ექსპერტებისგან შემდგარ ჯგუფს გავაცნოთ თითოეული გადაცემული ან გადასაცემი ნაკვეთის შესაბამისობა ტექნიკურ პროექტთან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.