ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის ზრდაზე და სიღარიბის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გამოწვევები რჩება და როდესაც საუბრობენ ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ეს რეალურად აღდგენას ნიშნავს, რადგან 2020 წელი ქვეყნისთვის, პანდემიის გამო, მძიმე იყო.
„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ გამოწვევები რჩება. დღეს როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს ეკონომიკის გაჯანსაღება, ეს რეალურად აღდგენაა. 2020 წელი ძალიან მძიმე წელი იყო. ეს ზრდა იმ ნეგატივის განეიტრალებას ემსახურება, რაც პანდემიამ მოიტანა. ეს არ არის ჩვეულებრივი ზრდა, ეს ის ზრდაა, რომელიც წინა არსებულ ნეგატივს ანეიტრალებს, ამსუბუქებს. თუმცა ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ სიღარიბე აღმოიფხვრას. ნომერ პირველი გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ამაზე.
მინისტრის საათის ფორმატში ვისაუბრე, თუ რით არის გამოწვეული და როგორ უზრუნველყოთ, რომ მომავალი წლის ბოლომდე ინფლაცია თავის ჩვეულ ნიშნულს, 3-4% -ს დაუბრუნდეს. წინა პერიოდში ფასების ზრდა ნომერ პირველი პრობლემა არასოდეს იყოს. ეს ზრდა პანდემიამ გამოიწვია საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოშიც. მოკლევადიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსი სტაბილურია და ეს დადებითად განგვასხვავებს სხვა ქვეყნებისგან, სადაც ინფლაციაც არის და ეროვნული ვალუტაც დევალვირებს. ჩვენთან ეს ნეგატიური ფაქტორი არ არის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეკონომიკის ზრდაზე ინფორმაცია უტყუარი სტატისტიკაა.
„ცალკეულ დარგებში, მაგალითად, მედიკამენტები – აქ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ფასწარმოქმნა. ჩვენ უპირატესად ვსაუბრობთ პრობლემებზე, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას ამას მე ან მთავრობის წევრი კი არ აცხადებს ეს დამოუკიდებელი უტყუარი სტატისტიკაა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მათი შეფასება. ამას როცა ვამბობთ, ეს არამც და არამც არ არის მცდელობა იმის, რომ არ ვისაუბროთ პრობლემებზე. გვაქვს ზრდა, მაგრამ გვაქვს პრობლემები“, – განაცხადა თურნავამ.