ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, ფარცხალაძის სანქცირებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რა ფორმით განხორციელდებოდა სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეზე და ამიტომ მედიას მიაწოდა იმ წუთისთვის არსებული ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მალევე შეცვალეს.
ახალი წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები ავტომატურად არ გავრცელდება ეროვნულ დონეზე დაწყებული გამოძიების დასრულებამდე.
„როდესაც თქვენ მოიკითხეთ მდგომარეობა, რა ხდებოდა სანქცირებულ პირთან დაკავშირებით, ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა სტატუსი იყო იმ მომენტისთვის. ჩვენ იმ მომენტისთვის გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით შეიძლებოდა დაგვეზუსტებინა სანქციების აღსრულების რეგულაცია, მიღებული არ გვქონდა. დავაზუსტეთ და ვახდენთ თქვენთან კომუნიკაციას.
ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსმა, მათ შორის ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც გახლავთ იურისტი, კონსტიტუციონალისტი და კომპეტენტური ადამიანი ამ საკითხში, დასვეს საკითხი და არა მარტო მათ, თუ რამდენად სწორია საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში ეს წესი ავტომატურად აღსრულდეს იმის გარეშე, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან – ეს ლეგიტიმური კითხვა იყო .და ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, ის თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი ქმედება კონსტიტუციას. ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება, მყისიერი, იმიტომ, რომ საქმე ეხება სანქციებს და მის აღსრულებას. ჩვენ ამიერიდან ამ წესით მივუდგებით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს“, – განაცხადა თურნავამ.
————————————————
14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.
ინფორმაციის გავრცელებიდან 4 დღეში, 18 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა მედიის კითხვაზე პასუხად გაავრცელა ინფორმაცია, სადაც განმარტავდა, რომ 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების მიმართ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვა გავრცელდებოდა.
18 სექტემბერს მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძე, განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციური არ იყო. ამის შემდეგ, 19 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
თურნავას დღევანდელი განმარტებით, გუშინდლამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის სანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას.