თურნავა: წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა მოთხოვნა დოლარზე

პუბლიკა

წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა აჟოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი ნათია თურნავა.

„წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რამაც რა თქმა უნდა გააუარესა მოლოდინები, გარკვეული შიშები გააჩინა, გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებს, ბანკებს და ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე.

ასეთ დროს, მით უფრო, როდესაც ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდება ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას საბოლოო ჯამში, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ და განმტკიცებულ ნდობას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვემა 540 მილიონი დოლარი შეადგინა.

„8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.