თურნავა წლის ბოლომდე სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზებას გეგმავს

პუბლიკა

დღეიდან საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ დღეს პარლამენტში „უფრო მეტად აგრესიული პრივატიზების სტრატეგია“ დააანონსა.

„პრივატიზების თვალსაზრისით მარტის თვეში გვექნება ძალიან საინტერესო სიახლეები, ეს არის განახლებული 100 საპრივატიზებო ქონების პროგრამა – ეს იქნება უკვე 150 საპრივატიზებო ქონება, უკვე გაფართოებული თვისობრივად, სადაც ბევრი საინტერესო, ახალი ობიექტი შეგვხვდება, რომელმაც უნდა მოიზიდოს კერძო ინვესტიცია და გამჭვირვალე პრივატიზების პროცესში განკერძოვდეს“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, იგეგმება სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და კოროპორატიზაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებენ.

„რამდენიმე ათეული სახელმწიფო საწარმოა, რომელიც უნდა განკერძოვდეს და ჩვენ აქტიური პრივატიზების პოლიტიკის შედეგად ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის და უახლოეს პერიოდში პირველი 10 საწარმო იქნება შეთავაზებული. ეს არ ნიშნავს, რომ წელს ყველა გაიყიდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, – განაცხადა თურნავამ.


საქართველოს პარალემენტმა პრემიერობის კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა 22 თებერვალს უნდა გამოუცხადოს.