„თურნავას ვურჩევდი, ჰომოფობიას საკუთარ ხელისუფლებაში ებრძოლოს“ - კიკონიშვილი

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას დღევანდელ განცხადებას გეიაქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი Facebook-ზე ეხმაურება. მისი თქმით, მინისტრმა ჰომოფობიას პირველ რიგში საკუთარ ხელისუფლებაში უნდა ებრძოლოს.

„როგორც ვხვდები, „ოცნება“ მზადაა, ცისარტყელას დროშა ქვიარ აქტივისტების ნაცვლადაც დაიჭიროს, ოღონდ ჰესი აშენდეს. ქალბატონ ნათიას ვურჩევდი, ჰომოფობიას საკუთარ ხელისუფლებაში ებრძოლოს; პირველ რიგში ჰომოფობი პრემიერის სახით და რიტორიკა სწორად აარჩიოს რიონის ხეობის მცველებზე საუბრისას“, – წერს გიორგი კიკონიშვილი.


პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნათია თურნავა რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა. მან ნამახვანჰესის კრიტიკის ერთ-ერთ მიზეზად  დაასახელა „ჰომოფობიური და ქსენოფობიური [განწყობები] უცხოური ინვესტორის მიმართ“.