თურქეთი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბულში დღეს გაიმართება

პუბლიკა

დღეს სტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შეხვედრა გაიმართება – როგორც BBC წერს, შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან წარმოდგენილი იქნება პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორი, მაიკლ ანტონი.

სტამბულში დღეს ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც, თუმცა მედიის ცნობით, ის მოლაპარაკებებში არ მიიღებს მონაწილეობას. ის თურქეთში სხვა შეხვედრას დაესწრება და შეხვდება თურქ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვა თურქეთში მოითხოვა, თუმცა გუშინ ეს შეხვედრა არ შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ხუთშაბათს თურქეთში იქნებოდა და პირადად დაელოდებოდა ვლადიმერ პუტინს, თუმცა კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ მიიღებდა შეხვედრაში მონაწილეობას.

ამის ნაცვლად, დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ვლადიმერ მედინსკი – რუსეთმა მოლაპარაკებებზე არ გაგზავნა არც თავისი 2 ტოპ დიპლომატი: იური უშაკოვი და სერგეი ლავროვი. ორივე მათგანი მონაწილეობდა საუდის არაბეთში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში.

დასავლური მედიების შეფასებით, მოსკოვის გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დანიშნოს მედინკსი კრემლის წარმომადგენლად ამ პროცესში, ნიშნავს, რომ მას სურს, მოლაპარაკებები 2022 წლის ჩარჩოს დაუბრუნოს – მაშინ მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა რუსეთის მოთხოვნების გამო.