თურქეთი და რუსეთი ყარაბაღში სამშვიდობო პროცესის ერთობლივ მონიტორინგზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

თურქეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო პროცესს ერთობლივ მონიტორინგს გაუწევენ. თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა – ჰულუსი აკარმა და სერგეი შოიგუმ ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე შეთანხმებას ხელი ვიდეოზარის საშუალებით გუშინ მოაწერეს.

ხოლო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს გაგზავნის.

„თურქეთი მონაწილეობას მიიღებს ერთობლივი სამშვიდობო ძალების შექმნაში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გაუწევს მონიტორინგს“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროების დელეგაცია ამ კვირაში ანკარაში ჩავა დეტალებზე სასაუბროდ.

თუმცა, როგორც The Reuters თურქეთის ხელისუფლებიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება მხოლოდ თურქი დამკვირვებლების გაგზავნას ითვალისწინებს, რომლებიც პროცესს სადამკვირვებლო ცენტრიდან გააკონტროლებენ, ველზე კი რუსი სამხედროები იქნებიან.

„ჩვენ არ ვგზავნით მშვიდობისმყოფელებს. თურქეთიდან მხოლოდ დამკვირვებლები იქნებიან წარმოდგენილი“, – ციტირებს თავისი წყაროს სიტყვებს The Reuters.

როგორც The Reuters წერს, წყარომ მათ უთხრა, რომ თურქეთის წარმომადგენლები აზერბაიჯანისა და „აზერბაიჯანელების მიერ გათავისუფლებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ წარმართავენ სადამკვირვებლო პროცესს.