თურქეთი ევროპისკენ მიმავალ სირიელ ლტოლვილებს გზას გაუხსნის. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს. თურქეთში ელიან, რომ იდლიბში შექმნილი კრიზისის გამო სირიას კიდევ მილიონამდე ადამიანი დატოვებს.
ხოლო თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო ძალებმა მიიღებს ბრძანება, რომ ხელი აღარ შეუშალონ ევროპაში გადასვლის მსურველ ლტოლვილებს
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებამდე, წუხელ იდლიბში მყოფ თურქ სამხედროებზე საჰაერო თავდასხმა მოხდა. დაბომბვას თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 33 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგანგებოდ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ასევე, გავცელებული ინფორმაციით, იდლიბში არსებულ სიტუაციაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანს.
სირიის ჩრდილო-დასავლეთით იდლიბის რეგიონზე კონტროლის აღსადგენად სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით იბრძვიან. ხოლო თურქეთი, თავის მხრივ, პროთურქულ ჯგუფებს უჭერს მხარს, იდლიბში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ეს თურქ ჯარისკაცთა პირველი მსხვერპლი არ არის, თუმცა ასეთი მასირებული შეტევა უშუალოდ თურქ სამხედროებზე პირველად მოხდა.