თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კიევში ჩავიდა. როგორც დაგეგმილია, ოფიციალური ვიზიტის დასრულებამდე უკრაინული და თურქული მხარეები რამდენიმე ხელშეკრულებას გააფორმებენ, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტის დაწყებას Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერდოღანის თქმით, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას, თურქეთი კი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ამაში.
„უკრაინასთან ურთიერთობაში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და თავდაცვის ინდუსტრიებში. ჩვენ მოწადინებულები ვართ, სავაჭრო ბრუნვა 10 მილიარდამდე გავზარდოთ, რასაც ახლა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით მალევე მივაღწევთ.
ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ გამოწვევებს, რისი გამკლავებაც უკრაინას უწევს. თურქეთი, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ იმოქმედონ თავშეკავებით, რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
თვალნათელია, რომ კონფლიქტი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი გაიღოს მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად რეგიონში“, – აცხადებს ერდოღანი.