აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვაში დაადანაშაულა და ამის გამო გააკრიტიკა.
„ახლა დაპირისპირებაში თურქეთიც ჩაერთო, რომელმაც მოამარაგა აზერბაიჯანი რესურსებით და აძლიერებს მის სამხედრო შესაძლებლობებს ამ ხანგრძლივ, ისტორიულ ბრძოლაში, თურქეთი ზრდის რისკებს“, – თქვა პომპეომ ტელეკომპანია WSB Atlanta-თან საუბრისას.
პომპეოს თქმით, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით ვერ მოხდება და საჭიროა მოლაპარაკებები. სხვა ქვეყნების ჩართულობა კი, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას ართულებს.
„კონლფიქტი მშვიდობიანი დისკუსიებითა და მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს, არა შეიარაღებული დაპირისპირებით და მით უმეტეს, მესამე მხარის ჩართულობით, რომელიც ისედაც მწვავე კონფლიქტში ცეცხლზე ნავთს ასხამს“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ იმედი აქვს, სომხები თავიანთ თავს დაიცავენ, ამასთან შეასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მოლაპარკების მაგიდას მიუსხდებიან.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, სომხები შეძლებენ თავი დაიცვან იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ და სანამ ეს მოხდება [მშვიდობიანი მოლაპარაკებები], შეასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, შემდეგ კი მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ასე გადაჭრიან კონფლიქტს, რომელიც მართლაცდა ძალიან ხანგრძლივი და ჩახლართულია“, – თქვა პომპეომ.
მთიან ყარაბაღში დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ, დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად საბრძოლო მოქმედებები არ გაჩერებულა. სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. არ ვრცელდება ზუსტი მონაცემები მსხვერპლის შესახებ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარეს დაღუპულია ასობით სამხედრო და ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.