თურქეთის მთავრობამ შეზღუდა საექსპორტო მედიკამენტები, ფასები გაიზარდა - ასოციაცია

პუბლიკა

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდება მიუღებელია.

მათი განცხადების მიხედვით, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებას მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების პროცესში ფარმაცევტული ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მითუმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზღვრული ზღვარი. სექტორისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა, მითუმეტეს, როდესაც შესაბამისი მიზეზი ნამდვილად არაა.

რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

რეფერენტული ფასებად მედიკამენტების რეალიზაცია 15 თებერვლიდან გახდა სავალდებულო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.01.2023 წლის N2/ნ ბრძანება) და ყველა კომპანიამ მოახდინა ამ თარიღიდან კანონის აღსრულება.

სამინისტროს პოზიცია გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი ვალდებულებების – კანონით დადგენილ დროში შესრულება არაკეთილსინდისიერ ქმედებად.

ასევე კანონით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი 15 მარტამდე, რათა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხის დაზუსტების და ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა.

თურქული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ყოველთვის ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება.

მიმდინარე მდგომარეობით თურქეთის მთავრობამ: შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები; მედიკამენტების ფასები გასული წლის დეკემბრის თვიდან საშუალოდ გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის; შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ბაზარზეც აისახება.

ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას. ასოციაციაში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად ასოციაციის ყველა წევრი გამოთქვამს მზადყოფნას სრული ინფორმაცია მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მითუმეტეს როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

22 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იმავე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.