თურქეთის პარლამენტმა გუშინ ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების რატიფიცირება მოახდინა. ანკარაში რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ფინეთის გაწევრების რატიფიცირება რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პარლამენტმაც მოახდინა და თურქეთი ბოლო ქვეყანა იყო ალიანსის 30 წევრს შორის, რომლის პარლამენტის მხარდაჭერა იყო საჭირო. ახლა ჰელსინკის NATO-სკენ გზა გაეხსნა და რამდენიმე დღეში შეეძლება ალიანსს საბოლოოდ შეუერთდეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ფინეთმა შეასრულა დაპირება, მხარი აღარ დაუჭიროს იმ ჯგუფებს, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, ასევე მოხსნას შეზღუდვები თურქეთისთვის შეიარაღების ექსპორტზე, ანკარა გზას გაუხსნიდა ფინეთს NATO-სკენ.
ფინეთისგან განსხვავებით თურქეთში ჯერჯერობით თავს იკავებენ შვედეთის NATO-ში გაწევრების რატიფიცირებაზე. ერდოღანის თქმით, ის ჯერ კიდევ ელოდება სტოკჰოლმისგან თურქეთისადმი მიცემული დაპირების შესრულებას. შვედეთის გაწევრების რატიფიცირება ჯერ კიდევ არ მოუხდენია უნგრეთსაც.