თურქეთის საკალათბურთო ნაკრები ამტკიცებს, რომ მათ მოთამაშეს გასახდელში დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

გუშინ თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ორი ოვერტაიმის შემდეგ ანგარიშით 88:83 დაამარცხა. თამაშისას თურქი და ქართველი კალათბურთელები, ფურკან კორკმაზი და დუდა სანაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, კალათბურთელები მსაჯებმა და თანაგუნდელებმა გააშველეს და ორივე მათგანმა დისკვალიფიკაცია მიიღო.

თუმცა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ომერ ონანის თქმით, კორკმაზს თურქ და ქართველ კალათბურთელებს შორის დაპირისპირება გასახდელში გაგრძელდა. ონანი უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების მათთვის გადაცემას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევრობასკეტის დატოვებით იმუქრება.

„იმ მომენტში, როცა კორკმაზი დერეფანში ჩვენს მწვრთნელთან ერთად გასახდელისკენ მიდიოდა, ის ქართველი კალათბურთელები დაესხნენ თავს, რომლებიც მატჩში არ მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ყო იყო გაძევებული მოთამაშე და პოლიციაც. გასახდელში მოთამაშეებს თავს არ უნდა ესხმოდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ 30-მდე პოლიციელიც ჩაერთო ჩხუბში. ქართულ პოლიციასთან მოგვიწია ჩხუბში ჩართვა. მე მივმართავ FIBA-ს და ვუთხარი FIBA-ს წარმომადგენლებსაც, რომ არავინ არ უნდა იფიქროს, თითქოს ჩვენ სულელები ვართ.

მოვითხოვთ, რომ ამ დერეფნის კამერებიდან უწყვეტი ჩანაწერი მოგვაწოდონ, თითოეული წუთი. არაფერი არ უნდა აკლდეს. თუ კამერის ჩანაწერებს არ მივიღებთ, ამ ტურნირს დავტოვებთ“, – განაცხადა ომერ ონანმა.

მისივე თქმით, გასახდელში პოლიცია თითქოსდა მათ დასაცავად იყო, მაგრამ, სინამდვილეში, უხეშად ექცეოდნენ და მათთან დაპირისპირება მოუწიათ.

საქართველოსთან თამაშის შემდეგ დერეფანში მომხდარ სავარაუდო დაპირისპირებაზე ისაუბრა თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა, ჰაკან დემირმა, რადგან თავად მწვრთნელი, ერგინ ატამანი, ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ჰაკან დემირის თქმით, კორკმაზს სამი ქართველი კალათბურთელი დაპირისპირდა.

„ქართველმა მოთამაშეებმა და უსაფრთხოების თანამშრომლებმა უპატივცემულობა გამოიჩინეს. ჩვენ აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით, მეტი არაფრისთვის. ამიტომ, ყველაფერი პარკეტზე უნდა დარჩენილიყო, არადა, სამწუხაროდ, დიდი სკანდალი მოხდა.

ასეთი რამ სპორტის სულისკვეთებას არ შეესაბამება. დღეს საკალათბურთო თამაში იყო დაგეგმილი, მაგრამ რაც მოხდა, ის უკვე კალათბურთის საზღვრებს სცდება. ჩვენ საქართველოში კიდევ ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და სამწუხაროდ, რაც დერეფნებში მოხდა, ის არასპორტული საქციელი იყო. ჩვენ უფრო კარგ მოპყრობას ველოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ…

პარკეტზე თამაში თავისი ორი ოვერტაიმით ჩავატარეთ. რიგ მომენტებში ჩვენ ვთამაშობდით უკეთ, რიგ მომენტებში – საქართველო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოთამაშემ, ფურკან კორკმაზმა, დისკვალიფიკაცია მიიღო, მოწინააღმდეგე გუნდის სამი კალათბურთელი მას და ჩვენს მწვრთნელს თავს დაესხა.

ჩვენ აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და არა კრივის. ძალიან გაღიზიანებულები ვართ უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფით, რაც დღეს გამოვცადეთ. ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით“, – თქვა ჰაკან დემირმა.

საქართველოს ნაკრების წევრი და პარკეტზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე დუდა სანაძე კი ამბობს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კორკმაზს უთხრა, რომ ჯარიმა სულელური იყო.

„მე ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო და ასეთი რეაქცია ჰქონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის განაგრძობდა ყვირილს და მეძახდა, რომ გასახდელში მნახავდა.

ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობრული ქვეყანა ვართ და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ პარკეტზე ემოციები ჭარბობდა“, – თქვა სანაძემ გამოცემა Totalbasket-თან.

თურქეთის კალათბურთის ფედერაცია ასევე ჩივის, რომ გუშინდელი თამაშიდან „22 წამი გაქრა“. თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში კორკმაზისა და სანაძის დაპირისპირების შემდეგ, მათი განცხადებით, ტაბლოზე დრო შეიცვალა, 04:48 წუთის შემდეგ მოულოდნელად დარჩენილი დროის გრაფაში 04:26 წუთი დაეწერა. ამ დროს თამაშს საქართველო იგებდა.