თურქეთის სასამართლომ ამერიკის საკონსულოს თანამშრომელს, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებაში ედებოდა ბრალი, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „ღრმად იმედგამაცრუებელია” და დამაჯერებელ მტკიცებულებებს არ ემყარება.
მეტინ ტოპუზის საქმე უკვე რამდენიმე წელია, ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მიზეზია. ტოპუზს 8 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა, ვინაიდან, პროკურატურის მტკიცებით, მას კავშირი ჰქონდა ქსელთან, რომელიც თურქეთში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობას ორკესტრირებდა.
ტოპუზმა სასამართლო განაჩენის მოლოდინში საპატიმროში უკვე 2 წელი დაჰყო. თავდაპირველად მას ბრალი აგენტობასა და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ედებოდა. მარტში საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ტოპუზის მიმართ არსებული ყველა ბრალი უნდა გაუქმებულიყო და სასამართლოს მისთვის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 15 წლით პატიმრობა უნდა მიესაჯა,.
თურქეთში არსებულმა ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ღრმად იმედგამაცრუებელია. მათი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები გამუდმებით ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს და აცხადებდნენ, რომ საქმეში არც ერთი უტყუარი მტკიცებულება არ იყო. მათივე თქმით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ საქმე მალევე დაიხურებოდა.
„ბატონი ტოპუზის ოფიციალური საქმიანობის მიმართ წამოყენებული ბრალი არასწორად წარმოაჩენს საკონსულოს ადგილობრივი თანამშრომლების საქმიანობის მასშტაბსა და ბუნებას”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
2017 წელს ტოპუზის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და მისი დაპატიმრების შემდეგ ორივე ქვეყანამ ერთმანეთთან სავიზო მომსახურება გააუქმა.
78-გვერდიან განაჩენში, რომელზეც სატელეფონო ზარები, შეტყობინებები და სურათებია თანდართული, ტოპუზს იმ თურქ ჩინოვნიკებთან კავშირში ედება ბრალი, რომლებმაც, პროკურატურის მტკიცებით, აშშ-ში მოღვაწე თურქ სასულიერო პირთან, ფეტულა გულენთან თანამშრომლობით 2016 წელს სამხედრო გადატრიალება სცადეს.
ტოპუზის თქმით, მას ამ ჩინოვნიკებთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, ვინაიდან იმ პერიოდში ისინი სასამართლო და საპოლიციო სისტემებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.