თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 1934 წელს მიღებული გადაწყვეტილება, აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა.
როგორც BBC წერს, ამის შემდეგ შესაძლოა, აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდეს.
აია-სოფია მეჩეთი იყო 1935 წლამდე, თუმცა მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და მუზეუმი გახდა. აია-სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა.
1985 წელს აია-სოფია იუნესკომ „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა. იუნესკომ მოუწოდა თურქეთს არ შეეცვალა მისი სტატუსი განხილვის გარეშე.
საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა და აია-სოფიას შესაძლო სტატუსის შეცვლას გამოეხმაურა.
„აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით მოქმედებდა თითქმის 1000 წელიწადი, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს. ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება“, – ამბობენ საპატრიარქოში.