თურქეთმა საქართველოს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

პუბლიკა

საქართველოს დავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.

უწყების განცხადებით, ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამბობს, ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5-მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

უწყების თქმით, ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების” ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების – Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა. ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებასა და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის.