თურქეთში 37 ადამიანი „პროვოკაციული პოსტების" გამო დააკავეს

პუბლიკა

თურქეთში 37 ადამიანი „პროვოკაციული პოსტების“ გამო დააკავეს.

ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ალი იერლიკაიას განცხადებით, „მათ გამოავლინეს სოციალური მედიის 261 ანგარიში, რომლებიც ავრცელებდნენ პროვოკაციულ, სიძულვილის ან დანაშაულის შემცველ პოსტებს“.

მინისტრის თქმით, ამ ანგარიშებიდან „62-ს მართავს საზღვარგარეთ მყოფი ხალხი“.

მას შემდეგ, რაც გუშინ სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ დააკავეს, თურქეთის მასშტაბით ქუჩებსა და უნივერსიტეტის კამპუსებში აქციები მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

გარდა ამისა, დააკავეს კიდევ 100 ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები. 

ასევე, ხელისუფლებამ სტამბოლის ირგვლივ რამდენიმე გზა დაკეტა და ქალაქში დემონსტრაციები ოთხი დღით აკრძალა.

სტამბოლში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის იყენებს.

აქცია გაიმართა სტამბოლის უნივერსიტეტშიც, სადაც სტუდენტები ეკრემ იმამოღლუს დიპლომის გაუქმებას აპროტესტებდნენ.

„ვხედავთ, რომ რეჟიმმა კონტროლი დაკარგა, ათობით ადამიანს დიპლომს უუქმებენ და ასობით ადამიანს იჭერენ, ეს კი თვეებია გრძელდება“, — დაწერეს სტუდენტებმა სოციალურ ქსელში.

აქციები იყო თურქეთის სხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის, ანკარის ჰაჯეტეპეს და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებში, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. ისმოდა შეძახილები: „ახალგაზრდობა პასუხს მოსთხოვს AK Party-ს (ერდოღანის პოლიტიკური პარტია)“ და „ჩვენ გავიმარჯვებთ წინააღმდეგობით“.

თურქული BBC-ის ინფორმაციით, როცა სტუდენტებს კამპუსის დატოვება და მსვლელობის მოწყობა უნდოდათ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ასევე, სტამბოლში დემონსტრანტები შეიკრიბნენ მერიის წინ შეძახილებით „ერდოღანი – დიქტატორი!“ და იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ!“.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც, ეკრემ იმამოღლუს მხარდაჭერები მისი პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) ოფისთან შეიკრიბნენ და იუსტიციის სამინისტრომდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

ხელისუფლების მიერ 4 დღით დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ საპროტესტო აქციას ელოდებიან.


ეკრემ იმამოღლუ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ 23 მარტს არჩევნების ჩატარებას გეგმავდა, რომელზეც, სავარაუდოდ, ეკრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ.

იმამოღლუს დააკავეს მისი სახლის ჩხრეკის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სტამბოლის უნივერსიტეტმა მისი დიპლომი ბათილად ცნო.

დიპლომის გაუქმებით იმამოღლუს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დაუშვებლად იქნებოდა ცნობილი, რადგან თურქეთის კანონმდებლობით, დიპლომი არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა.

ოპოზიციონერი მერის დიპლომის გაუქმების მიზეზად სახელდება მისი მობილობა სავარაუდო დარღვევებით 1990 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის კერძო უნივერსიტეტიდან სტამბოლის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის ეს ნაბიჯი თურქეთში ფართოდ შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.