თურქეთში დასაქმებული ქალები სარფის საბაჟოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საზღვრის გახსნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ოთხი თვეა, უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
გამოცემა „ბათუმელებთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ მათი რაოდენობა ვინც სეზონურად და არა მხოლოდ, თურქეთში სამუშაოდ გადადის, საკმაოდ ბევრია. ისინი ამბობენ, რომ ხშირად ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული და თუ სამუშაოდ ვერ გადავლენ თურქეთში, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან პასუხს ელოდებიან. ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, აქციებს გააგრძელებენ, სანამ საზღვარი არ გაიხსნება, ან მთავრობა ალტერნატიულ სამუშაოს არ შესთავაზებთ.
აქციის მონაწილეების თქმით, ფულადი დახმარების შესახებ მათ არაფერი არ იციან და არც მიუღიათ რამე დახმარება არავისგან ამ 4 თვის განმავლობაში.
საპროტესტო აქცია, საზღვრის გახსნის მოთხოვნით, თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა უკვე რამდენჯერმე გამართეს.
ორი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებული ადამიანებიც მიიღებენ.