თურქეთში ერთდღიანი სამომხმარებლო ბოიკოტისკენ მოწოდების გამო 16 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცეს. მათგან 11 უკვე დაკავებულია, კიდევ ხუთს ამ დრომდე ეძებენ.
თურქეთში სტამბოლის მერის და თურქეთის მერობის კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გამო პროტესტმა ახალი მიმართულება 2 აპრილს შეიძინა – მოქალაქეებმა 1 დღით უარი თქვეს ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიების მომსახურებასა და ვაჭრობაზე, ასევე, მათი მიზანია, ბოიკოტი გამოუცხადოს იმ სამთავრობო მედიებს, რომლებმაც უარი თქვეს საპროტესტო აქციების ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებაზე.
სტამბოლის პროკურატურამ ბოიკოტის გამო გამოძიება დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში, „სიძულვილისა და დისკრიმინაციის“ და „საზოგადოების სიძულვილისა და მტრობისკენ წაქეზების“ ბრალდებით, ღამით დააკავეს 11 პირი.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მოქალაქეებს სამომხმარებლო ბოიკოტისკენ მოუწოდა, იმამოღლუს „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოზგურ ოზელი იყო.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია AK-ის სპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა, რომ „ბოიკოტისკენ მოწოდება არის საფრთხე მთელ თურქეთისთვის”.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „ბოიკოტისკენ მოწოდებები არის ეკონომიკის დივერსიის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გადატრიალების მცდელობა“.
თურქეთში ანტისამთავრობო აქციები სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების დღიდან, 19 მარტიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება – საპროტესტო აქციები გაიმართა თურქეთის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. აქციებზე დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ, მათ შორის მოითხოვდნენ ერდოღანის გადადგომას. პოლიციამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალა, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.
აქციებზე დააკავეს 2000-მდე ადამიანი, მათგან 260-მდე ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
საპროტესტო აქციების ფონზე დაკავებულია ექრემ იმამოღლუს ადვოკატიც.
26 მარტს სტამბულის მერიის საკრებულოში არჩევნები ჩატარდა – 177 ხმით პატიმრობაში მყოფ ექრემ იმამოღლუს შემცვლელად სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) კანდიდატი, ნური ასლანი აირჩიეს.