თურქეთში, კუბასა და შვეიცარიაში ახალ ელჩებს ნიშნავენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობამ მიხეილ ყაველაშვილს შვეიცარიაში, თურქეთსა და კუბის რესპუბლიკაში დასანიშნად ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.

21 მარტს გამოცემული განკარგულებების მიხედვით, შვეიცარიის ელჩად წარდგენილია შოთა გეწაძის კანდიდატურა, თურქეთში – არჩილ კალანდიას, კუბის რესპუბლიკაში კი – გიგლა ბარამიძის.

შოთა გეწაძემ მოსამართლის თანამდებობა 2023 წელს დატოვა და შვეიცარიაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობდა. მას მოსამართლეობის 13-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

2018 წლიდან შოთა გეწაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო. ის 2019 წელს უზენაესის უვადო მოსამართლედ იყრიდა კენჭს, თუმცა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა.

შოთა გეწაძის გახმაურებულ საქმეებს შორისაა: ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე.

შოთა გეწაძე ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც არ დაეთანხმნენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის კრიტიკას ელჩების მიმართ.

არჩილ კალანდია 2018-2024 წლებში ჩინეთში საქართველოს ელჩი იყო, იმ დროს, როცა საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. 2024 წელს საგარეო უწყებამ მისი შეცვლა როტაციის ვადის ამოწურვას დაუკავშირა.

რაც შეეხება გიგლა ბარამიძეს, ის ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელი და მისი პარტიის პოლიტიკური მდივანი იყო. მან პარტია 2021 წელს დატოვა. კუბაში დიპლომატიურ მისიას 2024 წლიდან ხელმძღვანელობს.