თურქეთში მაშველებმა 3 წლის ბავშვი დანგრეული შენობიდან 65 საათის შემდეგ გამოიყვანეს

პუბლიკა

თურქეთში, ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული მრავალსართულიანი შენობიდან 3 წლის ბავშვი მაშველებმა დღეს გამოიყვანეს. ამის შესახებ CNN-ის თურქული გამოცემა სახლემწიფო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მაშველებმა ბავშვის ნანგრევებიდან გამოყვანა 65 საათის შემდეგ შეძლეს. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთ კოჩამ განაცხადა, რომ დედა და ოჯახის ორი წევრი ნანგრევებიდან ადრევე გამოიყვანეს, დაიღუპა მისი ერთ-ერთი ძმა.

„მან ჩემი თითი დაიჭირა და მანამდე არ გამიშვა, სანამ სამედიცინო პუნქტამდე არ მივედით“, – განაცხადა მაშველმა, რომელმაც 3 წლის ბავშვი ნანგრევებიდან გამოიყვანა.

პარასკევს ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა იზმირის პროვინციაში, სულ მცირე, 20 შენობა გაანადგურა. ბიძგები იგრძნობოდა როგორც თურქეთის სხვადასხვა ნაწილში, ასევე საბერძნეთშიც. მიწისძვრამ გამოიწვია მცირე მასშტაბიანი ცუნამიც, რომელმაც იზმირის ქუჩების ნაწილი დატბორა.

CNN-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 79 ადამიანი დაიღუპა, ხოლო საბერძნეთში – 2. დაშავდა ასობით ადამიანი.

მესამე დღეა იზმირში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად.

ფოტო: Anadolu Agency