24 იანვარს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1600-მდე ადამიანი. – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
კვირას, 27 იანვარს, ოპერაციების დასრულებამდე თურქეთის სამაშველო სამსახურებმა დედა-შვილი გადაარჩინეს.
სამაშველო ოპერაციები კვირა საღამოს მნიშვნელოვანწილად დასრულებული იყო, თუმცაღა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სოლეიმან სოილუს განცხადებით, მაშველები ელაზიღის პროვინციაში სამ დაზარალებულს კიდევ ეძებდნენ.
გადარჩენილებს შორის არიან 35 წლის ქალი და მისი ჩვილი ქალიშვილი. მაშველებს, რომლებმაც დაზარალებულების ყვირილი გაიგონეს, საათები დასჭირდათ დედა-შვილის გადასარჩენად, რომლებიც 4 გრადუს ყინვაში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობაში იყვნენ მოყოლილები.
6,8 მაგნიტუდის ძალის მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში პარასკევს დაიწყო, ადგილობრივი დროით 20:55 წუთზე.