თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა

პუბლიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ქემალ მემისოღლუს განცხადებით, 23 აპრილს, 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული პანიკური ინციდენტების შედეგად სტამბოლში, სულ მცირე, 236 ადამიანი დაშავდა.

150-ზე მეტი ადამიანი შენობებიდან გადახტომის მცდელობისას დაშავდა – ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ოფიციალური ცნობები მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისძვრა, დაახლოებით, 13 წამის განმავლობაში გაგრძელდა, მიწისძვრის შემდეგ კი კიდევ 50-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 10 კილომეტრი იყო, ეპიცენტრი კი სტამბოლიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობდა.