თურქმენეთში სიტყვა – „კორონავირუსის“ გამოყენება აიკრძალა. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება პანდემიაზე ყოველგვარი ინფორმაციის დამალვას ცდილობს, რითაც თავის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებულ მედიაგამოცემებთან ერთად თურქმენეთში აღნიშნული სიტყვის გამოყენება სამედიცინო ბროშურებშიც აკრძალულია. ამიტომ კორონავირუსზე ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის, სკოლებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაქრა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ ინფორმაციას თურქმენულ გამოცემა Turkmenistan Chronicle-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ორგანიზაციის მტკიცებით, ქვეყანაში დარჩენილი ერთ-ერთი გამონაკლისი გამოცემაა, რომელიც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს. გამოცემის ვებგვერდი თურქმენეთში დაბლოკილია.
„რადიო თავისუფლების“ თურქმენული ბიუროს Radio Azatlyk-ის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მოქალაქეებს, ვისაც ნიღბები უკეთიათ ან საუბრობენ კორონავირუსზე საჯარო ადგილებში, სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციელები აკავებენ.
„ინფორმაციის ასეთი შეზღუდვა საფრთხეს უქმნის თურქმენ მოსახლეობას და კიდევ უფრო აძლიერებს პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ავტორიტარიზმს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მოიმოქმედოს რამე ამის წინააღმდეგ და ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებთან ერთად განიხილოს“, – განაცხადა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯინ კაველიერმა.