სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, განჯის აეროდრომიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა მათი სამხედრო თვითმფრინავი Su-25 ჩამოაგდო, რომლის პილოტიც დაიღუპა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის შუშან სტეფანიანის თქმით, თურქულ ხომალდს დახმარებას უწევდა აზერბაიჯანული Su-25 და თურქული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. მისი თქმით, F-16 სომხეთის ტერიტორიაზე 60 კილომტერის სიღრმეში შეფრინდა.
სომხეთის ხელისუფლებამ აქამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა აზერბაიჯანში თავისი სამხედრო თვითმფრინავები გადასხა, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დილით დაიწყო. ორივე მხარე კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. რეგიონში სამხედრო მოქმედებები მესამე დღეა არ წყდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გაანადგურეს არერთი სომხური პოზიცია და დაიკავეს დასახლებებისა და სტრატეგიული ობიექტების ნაწილი. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს.
სამხედრო დაპირისპირებას ათობით სამხედრო ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი ირწმუნება, რომ მათ მტერს გაცილებით დიდი ზიანი მიაყენეს, საუბარია ასობით დაღუპულ ჯარისკაცზე. კონფლიქტის განახლების შემდეგ მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოქალაქეებშიც.
ამჟამად როგორც უშუალოდ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო აზერბაიჯანში ნაწილობრივ მობილიზაციაც გამოცხადდა.
კონფლიქტს გამოეხმაურა არაერთი ქვეყანა. მათ შორის თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მას კონფლიქტის გაღვივებასა და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა აღუთქვეს. ხოლო აზერბაიჯანი გააკრიტიკა კვიპროსმა ოფიციალურ განცხადებაში. მხარეებს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა კრემლმაც, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.
ფაშინიანი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, მოუწოდა დაპირისპირების დიალოგის ფორმატში გადაყვანისკენ, ფაშინიანმა კი მოითხოვა, რომ შეაჩერონ თურქეთი კონფლიქტში შესაძლო ჩართვისკენ.
კონფლიქტის მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ აქტიურად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, NATO, ევროპის საბჭო, აშშ და სხვ.