პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი ჩამოაგდებს ნებისმიერ ობიექტს, რომელიც დაარღვევს ქვეყნის საჰაერო სივრცეს.
„პოლონეთი დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ამ საკითხში განსახილველი არაფერია”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, პოლონეთს ყოველთვის მტკიცე რეაგირება ექნება, თუმცა „არც თუ ისე მკაფიო“ სიტუაციებში, როდესაც ინციდენტები პოლონეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ ხდება, გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს
ტუსკის განცხადებით, პოლონეთი მუშაობს მოკავშირეებთან და მზად არის „ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ობიექტის განადგურებას, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენდეს“.
„მაგრამ მე 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იმავენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.