ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ეთერში აღარ განათავსებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს.
„მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ კლიპის გაშვებაზე უარის მიზეზად დაასახელეს ის, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.
ეს არხები კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
„იმედის” განცხადებით:
„მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა – არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით – ყველა მაუწყებელი ვალდებულია, გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს”.
იგივე განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა სამთავრობო არხმა „პოსტივი”.
„ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ საქართველოს ქალაქების ქუჩებში განათავსა პროპაგანდისტული ბანერები, რომლების ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მიერ 2022 წელს დაბომბილი უკრაინა და ფოტოები შავ-თეთრია, მეორე მხარეს კი – საქართველოს ფერადი ფოტოები.
მმართველმა პარტიამ გამოუშვა ანალოგიური შინაარიის, ამ ბანერების ამსახველი ვიდეოც.
„მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ გადაწყვეტილებაა, არ გაუშვას ეთერში „ოცნების“ კონკრეტული ვიდეო.
ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს.
ასევე, „მედიაკოალიციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“.